ჩვენ შესახებ

კორპორაცია „პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის" ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული Partners for International Development Inc-ის (PFID) ოფიციალური წარმომადგენლობაა საქართველოში.

PFID-ის შექმნას საფუძველი 1992 წელს ჩაეყარა ემორის უნივერსიტეტისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის მხარდაჭერით როგორც ატლანტა - თბილისს შორის ჯანდაცვის სფეროში პარტნიორობის განმტკიცების ხელშემწყობ ორგანიზაციას. 

კორპორაცია წარმოადგენს ჯორჯიის შტატისა და საქართველოს ჯანდაცვის სისტემების დამაკავშირებელ ეფექტიან რგოლს, რომელიც თავისი საქმიანობით ხელს უწყობს ამერიკული მოწინავე სამეცნიერო და პრაქტიკული ორგანიზაციების გამოცდილების გაზიარებას საქართველოში, დასავლური სტანდარტების დანერგვას და  მაღალი ხარისხის სამედიცინო განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.

„პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის" აერთიანებს მეცნიერებს, ექიმებს, ექთნებს, ფიზიკურ და ოკუპაციურ თერაპევტებს, სტუდენტებს ატლანტის სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტიდან და ინსტიტუტიდან ჩვენი ქვეყნის სამედიცინო და სამეცნიერო დაწესებულებებთან. ორგანიზაციის მიზანი საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარების ხელშეწყობაა კორპორაციის წევრების პროფესიონალური გამოცდილების ქართველი კოლეგებისთვის გაზიარების გზით. საქართველოში ერთობლივი პროგრამების განსახორციელებლად ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს ემორის უნივერსიტეტთან, ჯორჯიის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტებთან, ემორისა და გრეიდის ჯანდაცვის სისტემებში შემავალ სამედიცინო დაწესებულებებთან და სხვა ამერიკულ საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან, მათ შორის ნიუ  იორკის სახელმწიფო და ჯონს ჰოპკინსინს უნივერსიტეტებთან.

კორპორაციის ცენტრალური ოფისი 2003 წელს დაფუძნდა აშშ-ში როგორც არამოგებაზე მომუშავე ორგანიზაცია, 2008 წლიდან კი მუშაობა დაიწყო PFID-ის ოფიციალურმა წარმომადგენლობამ საქართველოში. კორპორაციის საქმიანობა დღესდღეობით სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს.